Thursday, November 24, 2016

,,ქართული ლეგიონის’’ წევრები და ჯემალ-ფაშას მკვლელობა

თენგიზ სიმაშვილი 


,,ქართული ლეგიონის’’ წევრები და ჯემალ-ფაშას
მკვლელობა

სტატია დაიბეჭდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 
საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველოს ეგიდით ჩატარებულ 
,,სამხრეთ-დასავლეთი საქართველო (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია)''
 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები,
 (South-West Georgia (history, archaeology, ethnology)
 International Scientific Conference materials) VI
2016, თბილისი, გვ.1-16
        

 
საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივში დაცული, მეფისნაცვლის კანცელარიის საგანგებო განყოფილების ერთ-ერთი საარქივო საქმე მთლიანად ეხება თურქეთში შექმნილ ე.წ. ,,ქართულ ლეგიონს“. მასალებში აღნიშნულია, რომ ,,ქართული ლეგიონის“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ ,,მშვიდობიან დროს“ 1911 წელს გაჩენილა. კავკასიის მიმართულებით ამ დროს ,,გაძლიერებულ თურქულ და გერმანულ პროპაგანდაში’’ დიდი როლი შეუსრულებია იმავე წელს კონსტანტინეპოლში (ასე წერია დოკუმენტში. თ.ს.) შექმნილ ე.წ. ,,დადიანისეულ“ ,,ქართულ კომიტეტს“. [საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 13, აღწერა 27, საქმე 5413, გვერდი 13] (იხ. დოკ. 1)

        აქვე საინტერესოდაა ასახული ქართულ მოსახლეობაში ,,ქართული კომიტეტის“ პროპაგანდის მიმართულებები. მათ შორის მთავარი ყოფილა - ,,საქართველოს განთავისუფლება სომხების ეკონომიური მონობიდან, რაშიც დამნაშავე არის რუსეთის ხელისუფლება. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომ აღდგეს დამოუკიდებელი საქართველო მდგომარეობს თურქეთთან კავშირში“. (იხ. დოკ. 1)
        ,,ქართული კომიტეტის’’ საბრძოლო ძალად და სამხედრო ორგანიზაციად დასახელებულია 1914 წლის სექტემბერში თურქეთში, ტრაპეზუნში ჩამოყალიბებული ,,ქართული ლეგიონი ,,თაბურ“-ი. ზემოაღნიშნულ საარქივო საქმეში თავმოყრილია მეფისნაცვლის კანცელარიის საგანგებო განყოფილების, კავკასიის არმიის შტაბის დაზვერვის განყოფილების, ასევე თბილისის და ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოების მიმოწერა ,,ქართულ ლეგიონ თაბურ“-ზე, ასევე დაცულია საინტერესო ინფორმაციები მისი წევრების შესახებ.
      როგორც ცნობილია ,,ქართული ლეგიონი’’ 1914 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა. მისი მეთაური იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე, გენერალი ლეო კერესელიძე. ლეგიონის შექმნაში დიდი როლი შეასრულეს, ბერლინში მოქმედმა ე.წ. ,,საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ წევრებმა: გიორგი მაჩაბელმა, მიხაკო წერეთელმა, გიორგი კერესელიძემ, პეტრე სურგულაძემ, ნესტორ მაღალაშვილმა და სხვებმა. გერმანელების მხრიდან ლეგიონის  შექმნაში დიდი როლი ითამაშა, ბერლინში ,,საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ დაარსების ხელშემწყობმა გრაფმა შულენბერგმა, (გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დამოუკიდებელ საქართველოში. დაჯილდოვებული იყო წმინდა თამარ მეფის ორდენით. თ.ს.)
       ლეგიონში 1500-მდე მებრძოლი შედიოდა, მათ რიცხვში იყვნენ რუსეთში 1905-1907 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე, თურქეთში და ევროპის ქვეყნებში წასული ემიგრანტები, ასევე აჭარის მცხოვრებლები და მოხალისე ლაზები. ლეგიონის არსებობის მთელ მანძილზე, მას ასე ვთქვათ ,,პატრონაჟს“ უწევდა თურქეთში მყოფი გერმანიის საექსპედიცო კორპუსი. ,,ქართული ლეგიონი“ ოფიციალურად დაშლილად 1917 წლის დამლევს გამოცხადდა.
        ზემოდასახელებულ საარქივო საქმეში ფართო საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი, ქართველი ლეგიონერების ჯგუფური ფოტოებიცაა დაცული, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ტრაპეზუნში მოუძიებიათ, ხოლო მათზე ასახულ პირებზე კი საიდუმლო აგენტისგან მიუღიათ ინფორმაციები. 
ერთ-ერთ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ,,ლეგიონის ოფიცრები და ჯარისკაცები თურქული წესისამებრ ერთმანეთს სახელებით მიმართავენ, ამიტომ ძნელია მათ ვინაობაზე ინფორმაციების მოძიება’’. როგორც ირკვევა მეფის მოხელეებს საიდუმლო აგენტისათვის უჩვენებიათ აღნიშნული ფოტოები და მასაც ფოტოებზე ასახული პირებიდან მოუხდინია რამოდენიმე მათგანის იდენტიფიცირება. კერძოდ: ლეონ(ლეო) კერესელიძე, პეტრე სურგულაძე, მელიტონ თავართქილაძე, ნესტორ კერესელიძე, სერგო ლაბაძე, ვანო წერეთელი. ასევე მითითებულია უცნობი პირი სახელით ,,ალექსანდრ“, რომელიც ,,როტის ფელდფებელი’’ ყოფილა და სხვები. [საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 13, აღწერა 27, საქმე ..., გვერდი 10]
      ჩამოთვლილი პირები მეტ-ნაკლებად ცნობილია დაინტერესებული მკითხველისათვის. მათგან მინდა გამოვყო სერგო ლაბაძე, რომელზეც აღნიშნულია, რომ იგი იყო ყაჩაღი, რუსეთის პირველი რევოლუციის პერიოდში არეულობების და 1912 წელს კოჯრის გზაზე ფოსტაზე თავდასხმის მონაწილე.[საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 13, აღწერა 27, საქმე ..., გვერდი 1] ასევე მითითებულია, რომ ლეგიონში იგი ,,ტყვიამფრქვეველთა როტას“ ხელმძღვანელობდა და ა.შ. მკვლევარ ირაკლი ხვადაგიანის მოსაზრებით სერგო ლაბაძე ქართული ლეგიონის ყოფილ წევრ შალვა წერეთელთან ერთად, 1922 წელს ჯემალ-ფაშას მკვლელობის ერთ-ერთი შემსრულებელი იყო. [ირაკლი ხვადაგიანი, ,,საბჭოთა ნემესისის ფარი და მახვილი’’, http://liberali.ge/articles/view/19842/sabchota-nemesisis-fari-da-makhvili] 1921 წლის თებერვლის შემდეგ სერგო ლაბაძე საბჭოთა ხელისუფლებასთან დაახლოებულა და მუშაობა დაუწყია საქართველოს ჩეკაში.
     მინდა მკითხველის ყურადღება  გავამახვილო სერგო ლაბაძის ,,ქართულ ლეგიონში“ მოღვაწეობის პერიოდზე და ასევე იმდროინდელ ფოტოსურათებზე მასთან ერთად აღბეჭდილ ერთ-ერთ პირზე - ალექსანდრე (ქრისტეფორე) ცაგურიშვილზე, მეტსახელით ,,ფორია“. ალექსანდრე ცაგურიშვილი თანამედროვეებში სწორედ ამ მეტსახელით იყო უფრო ცნობილი, შესაბამისად მეც ასე მოვიხსენიებ.

        დღეს მისი სახელი ბევრს არაფერს ეუბნება ქართულ საზოგადოებას, მაგრამ აღნიშნულ პერიოდში იგი საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო. ჩემს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიული არქივის ფონდებში მოძიებული ფორიას დღემდე გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიის მიხედვით, რომელიც მას 1932 წელს დაუწერია, იგი ,,ქართული ლეგიონის’’ რიგებში მისი შექმნისთანავე შესულა. [შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი .., აღწერა 2, საქმე ...] ფორია ლეგიონის შემქმნელებად პეტრე სურგულაძეს, მიხაკო წერეთელს, მელიტონ ქარცივაძეს და სხვებს ასახლებს. აქვე ფორია ახსენებს სერგო ლაბაძეს, ვისთან ერთადაც 1910-იან წლებში ბორჯომში და ხაშურში უამრავი ტერორისტულ-ექსპროპრიაციული აქტის განუხორციელებია.
        ამ და სხვა საარქივო მასალების შეჯერებით ირკვევა, რომ სწორედ ფორია იყო მეფის ხელისუფლებისათვის ,,ალექსანდრ“ თუ ,,ალექსანდრე“-ს სახელით მოქმედი პიროვნება, რასაც ადასტურებს მისი ,,ქართულ ლეგიონში“ ყოფნისას გადაღებული ფოტო, რომლის მეორე გვერდზე ვკითხულობთ: ფორია ცაგურიშვილი - ,,ალექსანდრ“.

       ქართული ლეგიონის ,,როტის ფელდფებელი’’ ,,ალექსანდრ“ რომ ფორია იყო, დასტურდება სხვა დოკუმენტებითაც. კერძოდ, სამოქალაქო ნაწილში კავკასიის მეფისნაცვლის თანაშემწის მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ,,ლეონ კერესელიძე და ორი ოფიცერი ალექსანდრ და ოსმან-ბეი მივლინებულ იქნენ სპარსეთში, საიდანაც ალბათ შეაღწევენ კავკასიაში“. მონაწილე.[საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 13, აღწერა 27, საქმე ...3, გვერდი 10] ამავე საარქივო საქმეში სხვა დოკუმენტში, სათაურით ,,ჩამონათვალი თურქეთის ქართული ლეგიონის შემადგენლობაში მყოფი რუსეთის ქვეშევრდომი ქართველების“ ნომერი ხუთი დასახელებულია - ,,ალექსანდრ“ გვარი უცნობია, ამჟამად მივლინებულია სპარსეთში, საიდანაც შესაძლებელია შეაღწია კავკასიაში“.[საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 13, აღწერა 27, საქმე ..., გვერდი, 17]
       ეს ინფორმაციები სრულ თანხვედრაშია ფორია ცაგურიშვილის მოგონებებთან. მისი სიტყვებით იგი ლეო კერესელიძესთან, კოწია ინასარიძესთან, ლავრენტი მანჯავიძესთან ერთად 1915 წელს თურქეთიდან საქართველოში წამოსულა. ჯერ ტრაპეზუნიდან სტამბულში ჩასულან და ზღვით აპირებდნენ შემოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა, შემდეგ მდინარე ტიგროსის გავლით გადასულან სპარსეთში. ფორია და ინასარიძე სწორედ სპარსეთიდან შესულან რუსეთის იმპერიაში, კერძოდ კი თბილისში 1916 წელს. [შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი ..., აღწერა 2, საქმე ..., გვერდი 8] (საინტერესოა, რომ ფორია აქ ხაზს უსვამს გზაზე ქურთებთან შეიარაღებულ შეჯახებებს და მათი თავდასხმების ხშირ მოგერიებას. აღნიშნავს, რომ ,,იქ მთავრობა როგორც ასეთი არ არისო“. აღნიშნული ძალაუნებურად გრიგოლ რობაქიძის ,,გველის პერანგის“ მთავარი პერსონაჟის თავგადასავალს მოგაგონებს ირანში. თ.ს.)
(აღნშნული ფოტოს მეორე გვერდზე მდებარე წარწერა ასევე ადასტურებს ზემომოყვანილ მასალას - თ.ს.)
      შემორჩენილია ფორიას მეორე მოგონებაც, რომელიც მოიძია აწგანსვენებულმა ლიტერატორმა ბატონმა ნოდარ გრიგალაშვილმა. ეს მოგონება ფორიას ,,მწერალ“ პავლე საყვარელიძის, რუსთაველის თეატრის დირექტორის სანდრო ახმეტელის და სსრ უმაღლესი სასამართლოს წევრის ბაჭუა კუპრაშვილის თხოვნით დაუწერია. ეს უკანასკნელი გარკვეული ხანი ფორიას რაზმის წევრი ყოფილა. მეტიც, ბაჭუა კუპრაშვილის და მისი ამხანაგების განთავისუფლების საჭირო ფულის საშოვნელად - პოლიციისათვის ქრთამად მისაცემად, ფორიას სწორედ სერგო ლაბაძესთან ერთად გაუტაცია ერთ-ერთი მდიდარი ვაჭარი ანანოვი. [შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი .., აღწერა 2, საქმე ..., გვერდი 7] (იხ. დოკ. 3)
ზემოდასახლებული პირები ფორიასთან ბორჯომში 1936 წლის ივლისში ჩასულან. პავლე საყვარელიძეს სდომებია ფორიას მოგონებების წიგნად გამოშვება, მაგრამ ოთხივე მათგანი 1937 წელს დახვრიტეს.
       საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის, ამავე არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების და პარტიული არქივების, ასევე სხვა მასალების და დოკუმენტების მიხედვით ფორია ახლოს იცნობდა და მეგობრობდა, ერთობლივ ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდა ქართველ ანარქისტებთან, სოციალ-დემოკრატებთან, მათ შორის მენშევიკური და ბოლშევიკური ფრთის წარმომადგენლებთან. ესენი იყვნენ - სამუელ კუპრაშვილი (ბაჭუა), სიმონ ტერ-პეტროსიანი (კამო), ილიკო იმერლიშვილი (მცხეთელი, იმერელი), ლადო ფეიქრიშვილი (შავი ლადო, დიდი ლადო), ერასტი ჯორბენაძე, სერგო თაყაიშვილი, ხარება ჯიბუტი (ხარება), გოგია კენკიშვილი (გოგია) და სხვები; და როგორც აღვნიშნეთ სერგო ლაბაძესთან, ვისთან ერთადაც ფორიას ვხვდებით ,,ქართული ლეგიონის“ წევრების სხვადასხვა ფოტოებზე. (იხ.დოკ. 4, მარცხნიდან მეორე ფორია, მესამე - სერგო ლაბაძე მეუღლეებითურთ.) (არსებობს ინფორმაცია რომ ფორია ასევე კარგად იცნობდა სტალინსაც, თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა. თ.ს.)
      1922 წლის მარტში ფორია საბჭოთა ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა დააპატიმრეს. სულ რამოდენიმე დღეში იგი  ცოლის და ,,ამხანაგების“ დახმარებით - რკინიგზის სადგურზე გადაყვანისას ბადრაგს გაექცა. (მოხდა შეიარაღებული შეტაკება - თ.ს.) [უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი 285, აღწერა 1, საქმე ... (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიმოწერა ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, გვერდი 103] არ გასულა დიდი ხანი და იგი საბჭოთა ხელისუფლებამ ,,შემოირიგა“. როგორც ჩანს, ფორიას ადრეულ წლებში ბოლშევიკი ტერორისტების მეგობრობა გამოადგა, რადგან სხვადასხვა ცნობებით ხელისუფლებასთან მის შერიგებაში დიდი როლი კამოს შეუსრულებია. ამ უკანასკნელს პატიმრობდან გაქცეული და ,,ტყეში გასული’’ ფორიასათვის ,,მთავრობიდან განთავისუფლების ქაღალდი“ პირადად მიუტანია  (ალბათ საუბარია მასზე აღძრული სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე - თ.ს.) ჩემს მიერ მოძიებულ ფორიას მეუღლის დღემდე გამოუქვეყნებელ მოგონებებშიც აღნიშნულია, რომ ეს ,,ქაღალდი’’ ჩეკა-დან იქნა გამოტანებული კამოსთვის.
       როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია გარკვეულწილად სინამდვილეს  ასახავს, მაგრამ არა სრულად. საქმე იმაშია, რომ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან ვიგებთ - ,,1922 წლის 22 ოქტომბერს ,,ფორია" ნებაყოფილობით გამოცხადდა საქართველოს ,,ჩეკაში". ხელისუფლებამ ის შეიწყალა და აიძულა, ყაჩაღთა სალიკვიდაციო ოპერაციებში მიეღო მონაწილეობა. ,,ფორიაც" აქტიურად შეუდგა საქმიანობას - ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.“ [ჟურნალი ,,თულნი’’, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, თბილისი, 2015, გვერდი 38; ,,როგორ გადაიბირეს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური დაჯგუფება“,  24 საათი, 2009. - 19-25 დეკემბერი, N38 (134), გვერდი 13]
     თუ ვერწმუნებით ამ და სხვა საარქივო წყაროებს, ფორიას ხელისუფლებასთან ,,შერიგება“ ოქტომბრამდე ბევრად ადრე მომხდარა, რადგან კამო თბილისში საავტომობილო კატასტროფაში 1922 წლის 14 ივლისს მოკვდა. ასე რომ, ფორიასთან მისი შეხვედრა და არა ოქტომბერში, არამედ მის დაღუპვამდე - 14 ივლისამდე მოხდებოდა.
        რა იგულისხმებოდა ფორიას ხელისუფლებასთან ,,შერიგებაში“ და რა უნდა გაეკეთებინა ორივე მხარეს ამისათვის, ანუ საბჭოთა ხელისუფლებას ფორიასთვის და ფორიას ხელისუფლებისთვის? კამოს, რომელიც ამ დროს საქართველოში,  სავაჭრო სისტემაში ფორმალურად მუშაობდა ისეთი რა ისეთი კავშირი ჰქონდა ჩეკასთან, რომ სწორედ მას ანდეს ,,ტყეში გასული“ ყაჩაღის, თუ ტერორისტის შემორიგება?
         სავარაუდოდ, კამო მისი ,,ბობოქარი“ ტერორისტული წარსულიდან გამომდინარე  შესაძლებელია ითქვას, რომ საუკეთესო შუამავალი იყო ძველი თაობის ტერორისტ-ექსპროპრიატორებს და საქართველოს ჩეკა-ს შორის, რომელსაც არ სურდა პირდაპირი კავშირი ჰქონოდა სხვადასხვა ,,ბინძურ’’ საქმეებთან. ცნობილია, რომ ასეთ ,,დელიკატურ“ საქმეებს ჩეკა აღნიშნულ პერიოდში სხვისი ხელით აკეთებდა, რათა კვალი მასთან არ მისულიყო.
       ერთ-ერთი ყოფილი ჩეკისტის, კერძოდ ევგენი დუმბაძის მიერ საზღვარგარეთ გამოსულ მოგონებებში - ,,На службѢ чека и коминтерна’’, სხვა ისტორიებთან ერთად საქართველოს ჩეკას-ს მიერ ჩადენილ ერთ-ერთ ასეთ ,,დელიკატურ“ მკვლელობაზე - ჯემალ ფაშაზე თავდასხმის რეალურ მონაწილეებზეცაა საუბარი. ევგენი დუმბაძე ჯემალ ფაშას ერთ-ერთ მკვლელად სერგო ლაბაძეს ასახელებს. [Е. Думбадзе, На службѢ чека и коминтерна, ПАРИЖЪ, 1930, c.73-74]
    ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ 1922 წლის 14 ივლისს კამო საავტომობილო კატასტროფაში კვდება, 21 ივლისს კი ჯემალ ფაშას კლავენ. შესაბამისად, ხომ არ შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ ჯემალ ფაშას მკვლელობაში მონაწილე მესამე დაუდგენელი  პირი იქნებ სერგო ლაბაძის მეგობარი და ამხანაგი ფორია იყო? სერგო ლაბაძე და ფორია განუყრელი მეგობრები იყვნენ და ხელისუფლებისათვის ლოიალობის დასამტკიცებლად ფორიას თავის ,,ლეგიონელ“ მეგობართან ერთად ჯემალ-ფაშას მკვლელობა არ უნდა გასჭირვებოდა.
     ევგენი დუმბაძე სერგო ლაბაძის შესახებ  წერს, რომ ის იყო საუკეთესო მსროლელი, მამაცი და საკმაოდ ფრთხილი ადამიანი, რომელიც ,,როგორც თვითონ ამბობდა  საკუთარ მარჯვენა ხელსაც კი არ ენდობოდა“. [Е. Думбадзе, На службѢ чека и коминтерна, ПАРИЖЪ, 1930, c.73-74] დუმბაძის სიტყვებით ლაბაძესათვის ჩეკას ჯემალ-ფაშას მკვლელობის საფასურად ფულიც გადაუხდია და შეპირებია თანამდებობასაც. თუმცა, ლაბაძეს თანამდებობა ვერ მიუღია და გარკვეული დროის შემდეგ მას უამრავჯელ შეუხსენებია თავი საქართველოს ჩეკას უფროსისათვის. მეტიც, როცა დაინახა, რომ მის ქმედებებს შედეგი არ ჰქონდა მინიშნებაც გაუკეთებია იმაზე, რომ ,,რაღაც-რაღაცეები იცოდა“.
     ირაკლი ხვადაგიანის ზემოდასახელებულ საკმაოდ ორიგინალურ და საინტერესო კვლევაში ვკითხულობთ - ,,სერგო ლაბაძეს ოქტომბერში, ბათუმში მივლინებით გაგზავნილს, 20 რიცხვში, ღამის ცხრის ნახევარზე, შუა ქალაქში - მარიის პროსპექტზე ნაცნობ-მეგობრებმა და კოლეგებმა ტყვიები დააყარეს. აქ სერგოს იღბალმა და სწრაფმა რეაქციამ შეუწყო ხელი და დაჭრილი და გაოგნებული მიიმალა. მალვით ჩააღწია თბილისში და საიმედო კაცის ხელით კომპარტიის ცეკას საჩივრით მიმართა, რომ მას - ჩეკისტს, ამავე სამსახურში შეფარებული ბნელი ელემენტები დაესხნენ თავს და 3 ტყვით დაჭრეს და დახმარება ითხოვა.“ [ირაკლი ხვადაგიანი, ,,საბჭოთა ნემესისის ფარი და მახვილი’’, http://liberali.ge/articles/view/19842/sabchota-nemesisis-fari-da-makhvili] სროლისას ლაბაძე დაიჭრა, მაგრამ თავდამსხმელებს თავი დააღწია და თბილისში ჩავიდა.  საქართველოს ჩეკას შენობაში შესული იქვე დააპატიმრეს და 1923 წლის თებერვალს კი დახვრიტეს.
       მე გამიზნულად სიტყვა-სიტყვით მოვიყვანე დასახელებული ამონარიდი ირაკლი ხვადაგიანის კვლევიდან, რადგან აქ თარიღების საკმაოდ საინტერესო თანხვედრასთან გვაქვს საქმე. როგორც უკვე აღვნიშნე ფორია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალების მიხედვით - ,,1922 წლის 22 ოქტომბერს  ნებაყოფილობით გამოცხადდა საქართველოს ,,ჩეკაში", რის შემდეგაც ხელისუფლებამ არა მარტო შეიწყალა, არამედ ყაჩაღების სალიკვიდაციო საქმიანობაშიც ჩართო, და აქ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა - ხომ არ არის რაიმე კავშირის სერგო ლაბაძეზე 1922 წლის 20 ოქტომბერს თავდასხმასა და ფორიას საქართველოს ჩეკა-ში გამოცხადებასთან?
      ჩემი აზრით ამ ვარაუდებს არსებობის უფლება აქვთ და დამატებითი კვლევებია საჭირო, რამაც შესაძლოა საკმაოდ საინტერესო შედეგებამდე მიგვიყვანოს.
          P.S.
      თუ ზემომოყვანილ ინფორმაციას დავამატებთ, იმასაც, რომ ზოგიერთი ცნობით ,,ქართული ლეგიონის“ ყოფილი წევრის და ლეგიონში ყოფნისას ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის ,,თამარის ორდენით“ დაჯილდოებული ალექსანდრე ცაგურიშვილი-ფორიას იმედი ჰქონდა 1924 წლის აჯანყების მოწყობისას ქაქუცა ჩოლოყაშვილს, საკმაოდ ,,საინტერესოდ’’ წარმოგვიდგება არა მარტო მისი, არამედ მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში ,,მოღვაწე“ ტერორისტ-ექსპროპრიატორების, მათ შორის თუნდაც სერგო ლაბაძის პიროვნება და ცხოვრება.
     გარდა ამისა ფორია, როგორც საბჭთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი პარტიზანული რაზმის ხელმძღვანელი ნახსენებია ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ოთხმოცდამესამე კონგრესის მეორე სხდომის მასალებშიც. [ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ოთხმოცდამესამე კონგრესის მეორე სხდომის მასალები, ,,კომუნისტური აგრესიის შესახებ’’, სამთავრობო ბეჭვდითი ორგანო, ვაშინგტონი, 1955, გვერდი 28]
     სავარაუდოდ,  ფორია - ალექსანდრე ცაგურიშვილი იყო ლიტერატურული გმირის - დათა თუთაშხიას ერთ-ერთი პროტოტიპი. რომან ,,დათა თუთაშხია“-ში ვკითხულობთ: ,,საირმის ტყეებში მასპინძელი მყავდა. მასთან ვაპირებდი გამოზამთრებას. დათა თუთაშხია წავიყვანე თან - საირმეზე არ ვყოფილვარო... დათას ვინაობა არ გამიმხელია, სხვა გვარით გავაცანი... ფორიად გავაცანი სეთურს დათა.’’  1914 წლამდე სწორედ საირმის ტყეები იყო ფორიას თავშესაფარი და ბორჯომის ხეობის თუ გორის მაზრის მაცხოვრებელთათვის იგი ,,ხელისუფლებასთან და უსამართლობასთან“ მებრძოლ გმირად ითვლებოდა.
         ფორია, იგივე ,,ალექსანდრ“, იგივე ალექსანდრე, იგივე ქრისტეფორე ცაგურიშვილი 1937 წელს, ოჯახში შემორჩენილი ზეპირი გადმოცემის მიხედვით ბორჯომის ხეობაში, სტალინის ბრძანებით მისთვის აშენებული, იმ დროისათვის ბორჯომის ხეობაში ყველაზე ლამაზი ორსართულიანი აგურის სახლიდან გაიყვანეს, გადაიყვანეს თბილისში  და დახვრიტეს.
      მისმა ცოლმა, რომელმაც ერთგული მეუღლეობა გაუწია ფორიას ,,ქართულ ლეგიონში“ ყოფნის დროს, წლების შემდეგ ამ სახლის ეზოში ჰპოვა თავისი განსასვენებელი. სწორედ მან შემოუნახა შთამომავლობას ,,ქართული ლეგიონის’’ ლეიტენანტ ალექსანდრე ცაგურიშვილის სახელზე გაცემული ,,თამარის ორდენის“ დამადასტურებელი მოწმობის დედანი.


გამოყენებული ლიტერატურა და საარქივო მასალები:
Ø  საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 13, აღწერა 27, საქმე 5413
Ø  შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 954
Ø  უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი 285, აღწერა 1, საქმე 237 (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიმოწერა ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ)
Ø  ჟურნალი ,,თულნი’’, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, თბილისი, 2015
Ø  ,,როგორ გადაიბირეს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური დაჯგუფება“,  24 საათი, 2009. - 19-25 დეკემბერი, N38 (134)
Ø  ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ოთხმოცდამესამე კონგრესის მეორე სხდომის მასალები, ,,კომუნისტური აგრესიის შესახებ’’, სამთავრობო ბეჭვდითი ორგანო, ვაშინგტონი, 1955
Ø  Е. Думбадзе, На службѢ чека и коминтерна, ПАРИЖЪ, 1930
Ø  ირაკლი ხვადაგიანი, ,,საბჭოთა ნემესისის ფარი და მახვილი’’, http://liberali.ge/articles/view/19842/sabchota-nemesisis-fari-da-makhvili



No comments:

Post a Comment